|
1 წლის და 1-2 თვის ბავშვი
ფოტო: ტონი, 1 წლის და 1 თვის;
გამოგვიგზავნეთ თქვენი შვილების ფოტოები: info@babyinfo.ge
მოძრაობა: შესაძლოა ახლა გაიაროს დამოუკიდებლად. თუ უკვე დადის, მაშინ მისი ნაბიჯები უფრო მტკიცე და გამართული გახდება. თუ ფეხი ჯერ არ აუდგამს, მაშინ ავარჯიშეთ. ორივე ხელში მოკიდეთ ხელი და თქვენსკენ გამოატარეთ. უყიდეთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც სიარულის სწავლაში დაეხმარება.
თუ ჯერ ფეხი არ აუდგამს, საშიში არაფერია, მთავარია რომ ამ ასაკში იგი საკუთარი წონის გადატანის რაიმე საშუალებას ფლობდეს. მნიშვნელოვანია, რომ ფეხშიშველმა იაროს და ასე ავარჯიშოს ტერფის კუნთები, თუნდაც სანამ დამოუკიდებლად და გამართულად არ გაივლის. ამიტომაც მხოლოდ მაშინ ჩააცვით ფეხსაცმელი, როცა გარეთ გაგყავთ ან ცივ იატაკზე უწევს დგომა.
კვება: ბავშვის საკვები გაჯერებული უნდა იყოს პროტეინებითა და ვიტამინებით. მისი კუჭი ჯერ საკმაოდ მცირე ზომისაა და, ამიტომაც ერთ ჯერზე საკმარისი რაოდენობით საკვებს ვერ იტევს. ამიტომაც კვებებს შორის დაუმატეთ ხილის ან სხვა სასარგებლო საკვების მსუბუქი ულუფები. ეცადეთ, რომ სითხე (წყალი და რძე) დალიოს ჭიქით და არა ბოთლით. ეს პირველ რიგში მის კბილებს დაიცავს. ამ ასაკში ბავშვები ცდილობენ, რომ დამოუკიდებლად იკვებონ, რაც დიდ არეულობას უკავშირდება ხოლმე. საქმეს გაიადვილებთ და პატარასაც დაეხმარებით დამოუკიდებლობის მოპოვებაში, თუ წინასწარ ისეთ ულუფებს მოუმზადებთ, რომელთა მარტო ჭამასაც ის თავისუფლად შეძლებს.
ძილი: ძილში დიდ დროს – დაახლოებით 14 საათს ატარებს, აქედან 11 საათი და ნახევარი ღამით ძინავს. ძილისწინა რიტუალები მისი განრიგის შენარჩუნებისთვის ისევ მნიშვნელოვანია, დაიცავით ისინი. შესაძლოა მან გააპროტესტოს ის, რომ დასაძინებლად მარტო ტოვებთ, დაამშვიდეთ და უთხარით, რომ დაბრუნდებით იმის სანახავად სძინავს თუ არა. დარწმუნებული იყავით, რომ დაძინებული დაგხვდებათ.
საუბარი: უკვე ამბობს რამდენიმე სიტყვას და ესმის მათი მნიშვნელობაც. ჩვეულებრივ ეს “დადა” და “მამა” ან მათი ნაირსახეობაა.